logo
ENG



უგულავა: ოპონენტებზე თავდასხმებს "მწვანე შუქი" პირადად კალაძემ აუნთო

29 სექ 202022:01
3 წუთის საკითხავი
 
h26a94q2f84ckwu.jpg

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ გადაცემაში "პოლიტმეტრი" განაცხადა, რომ ქართული ოცნების ოპონენტებზე თავდასხმას "მწვანე შუქი" პირადად კახა კალაძემ აუნთო.

უგულავას თქმით, მმართველი გუნდი იქ ახორციელებს თავდასხმებს, სადაც ყველაზე მეტად უჭირს.

"რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ქვისა და კვერცხის სროლას ნახავს. რა ადგილებშიც უჭირს, იმ ადგილებში ვხედავთ თავდასხმებს. ეს ხელისუფლება პირველი დღიდან ისროდა კვერცხებს და ამ კვერცხებით გაისტუმრებენ ჩვენი მოქალაქეები. ამას ყველაფერს მწვანე შუქი კალაძემ აუნთო, ეს ივანიშვილის გარეშე არ იქნებოდა. კალაძეს ორი დღის წინ ჰქონდა თათბირი და პირდაპირ უთხრა თავის ხალხს, რომ რაც გინდათ გააკეთეთ, არავინ მოგთხოვთ პასუხს. გლდანის ინციდენტმა გვანახა, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება, მივიღოთ ფატალური შედეგ", - განაცხადა უგულავამ.

27 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს და გლდანში ოპოზიციის ერთიან კანდიდატს, ნიკა მელიას თავს დაესხნენ. იგი ამომრჩევლებს გლდანულაში, ერთ-ერთ სკვერში ხვდებოდა, რა დროსაც კვერცხები და ქვები დაუშინეს.

დღეს, 29 სექტემბერს, მარნეულში ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავს დაესხნენ. 

როგორც სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის წევრმა, გიორგი მუმლაძემ ფორმულას უთხრა, ოპოზიციას თავს ქართული ოცნების წევრები დაესხნენ. მისი თქმით, რამდენიმე ადამიანია დაშავებული.

"ქართული ოცნების წევრები თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, შევესწარი ამ ფაქტს, როგორ დამკვირვებელი, მე მინდოდა გადაღება, მაგრამ მეც თავს დამესხნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. რამდენიმე ადამიანია დაშავებული, ორია მძიმე, ისინი სასწრაფომ წაიყვანა", - ამბობს მუმლაძე.

მარნეულში ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 29 სექტემბერს დღისითაც მოხდა. მიზეზი საოლქო კომისიის წევრების არჩევა გახდა. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება კომისიას საკუთარი წევრებით აკომპლექტებს. 

 


close დახურვა